უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკრაინაში ომს მიეძღვნა. ზელენსკი სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რუსეთს შეიძლება მხოლოდ "აიძულონ" მშვიდობა.
"რუსეთს შეიძლება მხოლოდ აიძულო მშვიდობა, სწორედ ესაა საჭირო - აიძულო რუსეთს მშვიდობა, როგორც ამ ომში ერთადერთ აგრესორსა და გაეროს წესდების ერთადერთ დამრღვევს", - განაცხადა ზელენსკიმ.
სხდომის დაწყების წინ რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ თქვა, რომ რუსეთის დელეგაცია არ აპირებს, მოსკოვის კრიტიკით "კლონირებული გამოსვლები" მოისმინოთ. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის დროს მან დარბაზი არ დატოვა. მთელი გამოსვლის განმავლობაში ნებენზია ზელენსკის მოპირდაპირე მხარეს იჯდა.
უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხედავს მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე.
ზელენსკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ომი მხოლოდ მის მიერ შეთავაზებული "მშვიდობის ფორმულის" საფუძველზე შეიძლება დასრულდეს.
"ვიცით, რომ ზოგიერთს მსოფლიოში სურს პუტინთან საუბარი. ეს ჩვენ ვიცით. შეხვედრა, საუბარი. მაგრამ რისი მოსმენა შეუძლიათ მისგან? როგორ სწყინს, რომ საკუთარი ხალხის დაცვის უფლებით ვსარგებლობთ? თუ რომ ომის და ტერორის გაგრძელება სურს, რათა არავინ იფიქროს, რომ შეცდა? ეს ასევე სიგიჟეა", - თქვა ზელენსკიმ და "სიგიჟე" უწოდა ასევე იმას, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გაეროს წესდების შესაბამისად წარმოაჩინოს.